საქართველოსა და ინდოეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

0
1167

საქართველოსა და ინდოეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპათ რაჯუმ მოაწერეს ხელი.
ინდოეთის მაღალი რანგის სტუმარი საქართველოში სამუშაო ვიზიტად იმყოფება.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმში განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების არსებულ პერსპექტივებს ვაჭრობის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობას ხსენებული მიზნის მისაღწევად.
ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების კუთხით სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებასა და ორმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობაზე.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების გამართვა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

მემორანდუმში ასევე საუბარია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის დარგში სასწავლო ტრენინგების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის ავიაციის მინისტრი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან.