საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გარკვეულ პირებს დაავალა, რომ ოდესის ყოფილ გუბერნატორს სასამართლოს გზით მოქალაქეობა ჩამოართვან.
“ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, დაავალა, ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მოამზადონ”, – აცხადებს სააკაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით აღნიშნული შეუძლებელია.
“საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის, თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.