ირაკლი შოთაძე: წინა წლებთან შედარებით, სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ეფექტურია

0
1037

წინა წლებთან შედარებით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია, – ამის შესახებ მთავარმა პროკურომა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს აცნობს.

“ანგარიშში საუბარი იქნება პროკურატურის საქმიანობაზე, ჩვენ სისტემაში განხორციელებულ რეფორმაზე, სისტემის განვითარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ჩვენი თანამშრომლების, პროკურორების თავისუფლების და განვითარების მიმართ გადადგმულ რეფორმატულ ნაბიჯებზე”, – აღნიშნა შოთაძემ.

მისივე თქმით, წლიურ ანგარიშში ასევე, სიძულვილის მოტივით განპირობებული დანაშაულების მიმართ პროკურატურის მიერ განხორციელებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეა საუბარი.

“ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. მოხდა პროკურორების გადამზადება ამ მიმართულებით, რათა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება აღნიშნული დანაშაულების მიმართ ეფექტური იყოს. გამოცემული გვაქვს შესაბამისი რეკომედაციაც. ანგარიშში მოცემულია სტატისტიკა და იქ ნახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით, მსგავსი დანაშაულების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გაცილებით ეფექტურია”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.