სერგო რატიანი: ”ნაციონალურმა მოძრაობამ” 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა

0
633

”ნაციონალური მოძრაობის” წევრ სერგო რატიანის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ცენტრალური ოფისიდან 20-მდე თანამშრომელი დაფინანსების 100 000 ლარით შემცირების გამო გაათავისუფლა.

“ჩემმა პარტიულმა მეგობარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საინტერესო სტატუსი დადო, სადაც დაწერა, თითქოს „ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შემცირების მიზეზი იმ ადამიანების სამსახურიდან გაშვება იყო, ვინც 7000-დელეგატიანი ყრილობის ჩატარებას უჭერდა მხარს.

ვცდილობ ბოლო დროს გახშირებულ თავდასხმებს არ ვუპასუხო, მაგრამ ამჯერად განვმარტავ:

1. „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების შემდეგ დაფინანსება თვეში დაახლოებით 100000 ლარით შეუმცირდა. ჩემს კრიტიკოსებს შევახსენებ, მათ მიერ მხარდაჭერილი ვარიანტი, პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილება რომ გასულიყო, შესამცირებელი გაცილებით მეტი იქნებოდა.

2. არსებულ ვითარებაში პრიორიტეტი პარტიის ცენტრალური ოფისი ვერ იქნება, რადგან მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს პარტიული ორგანიზაციების ისედაც მწირი დაფინანსება. მითუმეტეს, შეუძლებელი ხდება ცენტრალურ ოფისში იმ პირების დამატებითი დაფინანსება (თუნდაც დამატებითი ფუნქციებით), ვინც რეგიონულ ორგანიზაციებს წარმოადგენს.

3. ცენტრალური ოფისიდან ამ ეტაპისთვის ჩემდა სამწუხაროდ, გათავისუფლებულია 20-მდე თანამშრომელი და არა მხოლოდ ჩამოთვლილი პირები. როგორც დარჩენილთა, ისე გათავისუფლებულებს შორის სრულიად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ხალხია. სახელებისა და გვარების ჩამოთვლას არ დავიწყებ, თუმცა დაინტერესებულ პირებს შემიძლია ვაჩვენო.

4. შემცირება ყოველთვის უსიამოვნო პროცესია, მითუმეტეს თანამებრძოლების და მითუმეტეს ახლა. შეიძლებოდა პასუხისმგებლობა ამ უჩვეულო ბუღალტერიაზე აღარ ამეღო. ოღონდ, რეალობა პროზაულია. დღეს თუ იტოვებ ოც კაცზე ვალდებულებას, ხვალ იძულებული ხარ გაუშვა სამსახურიდან ორმოცი.

5. მე „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2012 წელს მოვედი და ჩემ მეგობრებთან ერთად ბევრი, ბევრი ცილისწამება ამიტანია. მეგობრებისგან ოდნავ უჩვეულოა. მჯერა, რომ დიდი მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, საშუალებებთან დაკავშირებითაც თანამოაზრეები ვიყავით”, – აცხადებს სერგო რატიანი.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, პარტიაში შემცირებები პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here