გიორგი კვირიკაშვილმა კურორტი მიტარბი გახსნა

0
795

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად კურორტი მიტარბი გახსნა. პრემიერის თქმით, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს.

სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

“სახელმწიფო აშენებს  საბაგირო გზებს, მოიყვანს გზას,გაარემონტებს გზას,  კერძო კომპანია “ჯიარდისი” განახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.

ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთერთი ულამაზესი კურორტი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს. პრემიერმინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ.

“ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის.

“ეს იქნება დაბრუნება ბავშვობაში და ამავდროულად – გზა მომავლისკენ. მოგეხსენებათ, ეს ხაზი საჭიროებდა განახლებას და ის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი მთელ ამ მარშრუტზე არსებული სოფლების მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა.

“ეს პროექტი არის მხოლოდ დასაწყისი ძალიან დიდი განვითარების. 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი. ჩვენ არ გვაქვს დღეს დალხენილი ცხოვრება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯის გადადგმისგან არ უნდა შევიკავოთ თავი, რათა ჩვენს ქვეყანაში უკეთესი ცხოვრება იყოს. ჩვენ გვესმის ბევრი პრობლემა, გვტკივა ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, მაგრამ სწრაფად უნდა ვიაროთ წინ, რათა ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით,  დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black Sea Group-მა ააშენა.

“კურორტზე მსოფლიოში ერთერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა. კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს”-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here