შსს-მ მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი გახსნა

0
1209

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი – 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.