საჯარო და კერძო ბაღებს მომავალი წლიდან ავტორიზაციის გავლა მოუწევთ

0
483

მომავალი წლიდან საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სტანდარტებზე. აღნიშნული სტანდარტები ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვებს სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.

თემურ თორდინავას თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება კერძო ბაღებშიც სავალდებულო იქნება. ახალი სტანდარტების ამოქმედება კი ბაღების ავტორიზაციის პირობის შემადგენელი ნაწილია.
სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება.

„საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი ჯერ დამტკიცებული არ არის და იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება. მომავალი წლიდან კი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. როდესაც ქვეყანაში ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაცია მოხდება, ჩვენ რეალური სურათი შეგვექმნება – კერძო თუ საჯარო ბაღები რა პირობებს აკმაყოფილებენ. ამის შემდეგ იქნება დასაგეგმი გასატარებელი ღონისძიებები“, – განაცხადა თორდინავამ.

რაც შეეხება ავტორიზაციას უშუალოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, თორდინავა ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა შესაძლოა 2020 წლისთვის გადაიწიოს.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here