2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია

0
667

2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია. უწყების მონაცემებით, 2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-10 783).

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს წარმოადგენდა.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ-სქესობრივ შემადგენლობას, 2019 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტზე დაფიქსირდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9 პროცენტზე, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.

ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, მამაკაცების რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელია და 1 790.9 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობა შემცირდა 0.3 პროცენტით და 1 932.6 ათასით განისაზღვრა. საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.