2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,1 პროცენტით გაიზარდა

0
664

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წლის სამ თვეში საქართველოში 1 617 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2%-ია.

„2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები. 2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში 23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა.

მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორს გავუზიარეთ დეტალური მონაცემები თუ ვინ ჩამოდის საქართველოში, რა მიზნით, რომელ რეგიონებს სტუმრობენ, საშუალოდ რა დანახარჯები აქვთ, ასევე რა ტურისტული პროდუქტები გამოიკვეთა.

განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ იმ ქვეყნების ტურისტებზე, რომლებიც გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით საქართველოში, ჩვენ კერძო სექტორს ვაწვდით გამჭვირვალე ინფორმაციას, თუ როგორ განვახორციელებთ სტრატეგიული სამიზნე ბაზრების იდენტიფიცირებას, რომელიც ორი კრიტერიუმით ფიქსირდება, ეს არის დანახარჯები და ღამეების გათენების საშუალო რაოდენობა. 2019 წლის  პირველი კვარტალი საკმაოდ პოზიტიური ზრდის ტემპით გამოირჩევა ყველა კრიტერიუმით, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე ვიზიტორების და ტურისტული ნაკადების კუთხით“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.