ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 324,554 მგზავრს მოემსახურა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259,612 მგზავრი) 25%-ით აღემატება.
იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222,400) 13%-ით მეტია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112%-ით გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლისიანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით15,973 მგზავრმა ისარგებლა. ეს მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი) 52%-ით მეტია.
მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ადგილობრივ აეროპორტებშიც. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში 2019 წლის იანვარში მგზავრთნაკადი 18 %-ით გაიზარდა და 401 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 340 მგზავრი). ამბროლაურის აეროპორტით, რომელიც იანვარში 2 წლის გახდა, გასულ თვეს 107-მა ადამიანმა ისარგებლა. მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 %-ით გაიზარდა (2018 წლის იანვარი 23 მგზავრი).