საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილები Boeing-მა იყიდა

0
646

თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ „Boeing “-სთვის დამზადდა. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს.

მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის შესყიდვის შესახებ პირველი დოკუმენტი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანაში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი კომპანია „ელბიტ საიკლონის“ დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC-ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.

საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს სხვა ნაწილებს ამზადებს. აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ Boeing-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.