საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 25 პროცენტით გაიზარდა

0
462

2019 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 625 236 მგზავრს მოემსახურა, რაც 25 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 500 687 მგზავრი). ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238 445 მგზავრს მოემსახურა, რაც 13 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 210 802 მგზავრი ). ორ თვეში ზრდამ კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13 პროცენტი შეადგინა (2018 წელი 433 202 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი, მგზავრთნაკადი 2019 წლის თებერვალში 111 პროცენტით გაიზარდა და 47 573 მგზავრი შეადგინა. რაც შეეხება ორი თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103 468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112 პროცენტით მეტია.

ასევე, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის თებერვალში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 14 278 მგზავრმა ისარგებლა, რაც 87 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის თებერვალი 7 625 მგზავრი). ორი თვის მონაცემებით კი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 67 პროცენტით გაიზარდა და 30 251 მგზავრი შეადგინა.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 2019 წლის თებერვალში 351 მგზავრს მოემსახურა, რაც 228 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 თებერვალი – 107 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის თებერვალში 35-მა მგზავრმა ისარგებლა, სულ ექვსი რეისი შესრულდა. აღნიშნული მონაცემები 30 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ჯამში, ორ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 894 მგზავრმა ისარგებლა, რაც 80 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here