სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

0
241

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ბავშვებისთვის განკუთვნილ 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ განაცხადა.

მუნიციპალიტეტების ნაწილში 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი ფულადი სარგებლის სახით დარჩება.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლევან თხელიძეს შეხვდა. მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

“თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტები „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით განისაზღვრა, რაც მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმია”, – განაცხადა მინისტრმა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი.

ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here