შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა

0
626

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქოს ინტერპოლის მიერ 2019 წლის თებერვლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ა.ა.-ს ბრალად ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.