სუს-ის ინფორმაციით, ქრთამის მიცემის ფაქტზე კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს

0
277

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ხ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯებით 2019 წლის 15 აპრილს კონცერტის გამართვა შესთავაზა.

“თანხმობის მიღების სანაცვლოდ, ბექა ხ. საჯარო მოხელეს ქრთამის სახით 2500 ლარის გადახდას დაჰპირდა და გზავნილის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს”,- ნათქვამია განცხადებაში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here