საგზაო უსაფრთხოებისთვის წელს ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული

0
245

საგზაო უსაფრთხოების კუთხით წელს პირველად, ბიუჯეტში 9 მლნ ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობა გულისხმობს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ქსელის განვითარებას, რაც მოიცავს საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფასაც. დეპარტამენტი მართავს 7 ათას კილომეტრამდე საავტომობილო გზას, მათ შორის, 1500 კილომეტრზე მეტი საერთაშორისო მაგისტრალია.

„საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. სტრატეგიის – უსაფრთხო დერეფანი, უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო სოფელი.

წელს, პირველად, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბიუჯეტში მიზნობრივად გათვალისწინებულია 9 მილიონი ლარი“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები გულისხმობს თვალამრიდებისა და ზღუდარებისგანახლება-დამონტაჟებას, საგზაო ნიშნების დამატებას, უსაფრთხოების კუნძულებისა და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობას, გზების სათვალთვალო კამერებით აღჭურვას.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ღონისძიებათა ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო-სვანეთში ექვს მიმართულებაზე, სულ 70 კმ სიგრძის გზებზე, შსს-თან ერთად გატარდება საგზაო უსაფრთოხოების გაუმჯობესების ჩამოთვლილი ღონისძიებები.

უწყება აცხადებს, რომ მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე.  დაახლოებით 2 მილიონი ლარის დამატებითი ღონისძიებები იგეგმება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-ყვარლის ტბის, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და ყვარელი-მუკუზანის, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის და თელავი შაქრიანის საავტომობილო გზებზე, რომელიც ითვალისწინებს წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას.

დეპარტამენტის ცნობით, საგზაო უსაფრთხოების კუთხით გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში მცირე მასშტაბის საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებზე, სულ 21 მონაკვეთზე, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გარდა ამისა, საქართველოს რეგიონების 115 სხვადასხვა მონაკვეთზე, უსაფრთხოების არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ინსპექტირება განხორციელდა, დაიწყო და გრძელდება გარე განათების სამუშაოებიც.

სწორედ საგზაო უსაფრთხოების მიზნით, 2018 წლის ბოლოს ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ქუთაისის შემოვლით გზის მეორე ზოლის მშენებლობა, რაშიც 2 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი დაიხარჯება. მეორე ზოლის მშენებლობა მნიშვნელოვან წილად სიჩქარის ლიმიტისა და მოძრაობის წესების დარღვევით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო გახდა საჭირო. ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი ზოლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ გზაზე ორმხრივი მოძრაობა კვლავ შესაძლებელი გახდება.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here