ოპოზიციური პარტიის კანდიდატი სტამბოლის მერი ოფიციალურად გახდა

0
366

თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელს ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის მერის მანდატი ოფიციალურად გადაეცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტიის წინააღმდეგობისა და ხმების არაერთგზის გადათვლის შემდეგ, იმამოღლუ ოფიციალურად გახდა სტამბოლის მერი. პარალელურად, საარჩევნო საბჭო კვლავ განიხილავს მმართველი პარტიის მოთხოვნას შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით.

იმამოღლუ საარჩევნო კომისიაში მიიწვიეს მას შემდეგ, რაც კომისიამ არ მიიღო ქვეყნის მმართველი პარტიის – „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ განაცხადი იმამოღლუსთვის მანდატის გადაცემის გადავადებასთან დაკავშირებით, ვიდრე უმაღლესი საარჩევნო საბჭო არ განიხილავს მმართველი პარტიის საჩივარს კენჭისყრის დღეს დარღვევების შესახებ.

თურქეთის საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბინალი ილდირიმს 13729 ხმით გაუსწრო, რომელიც ასევე მერის პოსტზე იყრიდა კენჭს.

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილზე მან კონტროლი დაკარგა.

თურქეთის დედაქალაქ ანკარის გარდა, “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატებმა მოიგეს სტამბოლში, იზმირში, ანტალიაში, მერსინსა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში.

გააკეთეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here