2020 წელს ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება

0
598

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველასთვის. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

სოფო გორგოძის ინფორმაციით, მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა- ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ, თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის. ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება, თუმცა შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი, რომელშიც სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა იქნება გათვალისწინებული. ასევე, შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრის ან გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.