საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუს ხალხს და ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელად ვუსამძიმრებ რუს ხალხს ამ დიდ ტრაგედიას, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 სინაის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ელ-არიშის სიახლოვეს ჩამოვარდა. ავიალაინერის ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა: 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. ყველა მათგანი დაიღუპა. ეგვიპტეში მომხდარი ტრაგედიის გამო რუსეთში პირველი ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.