უკრაინის პროკურატურამ 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მკვლელობაში ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა.
„უნიანის“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ შოკინმა განაცხადა. მისი თქმით, იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება თითქმის დასრულებულია.
“საქმე თითქმის დასრულებულია. ნათელია, რომ ის თავისი ხალხის მეშვეობით მაიდანზე მკვლელობათა ორგანიზებას ხელმძღვანელობდა” – განაცხადა შოკინმა ტელეკომპანია “ინტერის” ეთერში.
შონკინმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ, ვიქტორ იანუკოვიჩი პასუხისმგებაში მიეცემა.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ნაპოვნია იარაღის ფრაგმენტები, რომლითაც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ესროდნენ.
შეგახსენებთ, 2014 წლის ზამთარში, კიევში გამართული საპროტესტო აქციების დროს 106 ადამიანი მოკლეს, მათ შორის პოლიციის 10 ოფიცერი. დაშავადა 1000-ზე მეტი აქტივისტი.