გიორგი კვირიკაშვილი – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს

0
1104

ბრიუსელში ვიზიტი ძალიან საჭირო იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ევროკავშირი, კონკრეტულად კი ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს.
„მოკლედ ვიტყვი ბრიუსელში ვიზიტის თაობაზე, ძალიან საჭირო ვიზიტი იყო. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი და ამ შემთხვევაში კონკრეტულად, ევროკომისია ძალიან გულშემატკივრობს საქართველოს. ევროკომისიას მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე რეფორმების მიმდინარეობის შესახებ და მართლაც, საჭირო დისკუსიები და განხილვები იყო და დროული იყო ნამდვილად ეს ვიზიტი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მას შეხვედრები ევროკავშირის პრეზიდენტთან და ევროკომისრებთან ჰქონდა.
„ასევე, მივიტანეთ გზავნილი, რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წარმატებით დასრულება. ამის თაობაზე გვქონდა დეტალური საუბარი როგორც ევროკავშირის პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტთან იუნკერთან, ევროკომისრებთან – კომისარ ჰანთან და ძალიან მნიშვნელოვანი განხილვები იყო ასევე კომისარ ავრამოპულოსთან.

ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავტოვეთ შეხვედრები იმ განწყობით და დავტოვეთ ის შეგრძნება, რომ საქართველოში რეფორმები, რომელიც გამომდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგიდან, ხორციელდება სრული კურსით და ნამდვილად არავითარი შეფერხებები არ შეიძლება შეექმნას ამ რეფორმებს“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.