შსს-ს არქივმა „დიდი ტერორის“ პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა

0
1094

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ “საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების – ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა.

შს სამინისტროს ცნობით , პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ჟურნალ ”საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ.დიდი ტერორის პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.

ნაწარმოებში – ”დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით.