ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარებიდან და განმგრძობადი ოკუპაციიდან, არა მხოლოდ რუსეთის აგრესიული ზრახვებიდან, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პრაქტიკულად ხელახლა დასტურდება, არამედ ზოგადად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
ისლამური სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად ყურის ძირშია საქართველოსთან, ახალ ფაზაში შედის და ამას ჭირდება მეტი ყურადღება. არის ასევე სხვა მოვლენებიც, რომელიც ვითარდება ჩვენს სიახლოვეში, ამიტომ მე მგონია, რომ საქართველოს მხრიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკვე აქვს დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის, სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ქარტია, რომლის ფარგლებშიც არის რამდენიმე კომპონენტი, ამას გარდა, ჩვენ გვაქვს სამხედრო თანამშრომლობა აშშ-სთან ძალიან ბევრი მიმართულებით, ამიტომ, ჩვენ, საქართველომ, ჩემი აზრით, უფრო მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ მზად ვართ ამ ურთიერთობის გაღრმავებისთვის.
ხოლო ამ ურთიერთობის გაღრმავების და გამყარების ერთ-ერთი გზა და ერთ-ერთი საშუალება იქნებოდა ფიქრი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, დიახ, განთავსდეს ამერიკის სამხედრო ბაზა.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ვითარებაში, როდესაც შავი ზღვის აუზში იქმნება სრულიად ახალი ვითარება, მათ შორის სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისითაც.
მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო თავისი ფლოტის გაძლიერება შავი ზღვის აუზში და ამითი განაცხადა პრეტენზიები გაცილებით მეტზე, ვიდრე საქართველოს ტერიტორიის ესა თუ ის ნაწილია, ჩვენ ვხედავთ ნატოს მხრიდან ადეკვატურ ღონისძიებებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს.
ამ პროცესში მონაწილეობს ნატოს სამი სახელმწიფო, რუმინეთი, ბულგარეთი თურქეთი, ამ პროცესში მონაწილეობს ნატოსთან ძალიან მჭიდრო პარტნიორობაში მყოფი საქართველო, უკრაინა და ამ პროცესში, სწორედ ჩვენ, საქართველომ, უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილიც, რომელიც იქნება ჩვენივე თავდაცვის საუკეთესო საშუალება.
მოგეხსენებათ, უკრაინა ამ თვალსაზრისით არის გაცილებით ცუდ დღეში. მას შემდეგ, რაც იგი გახდა რუსეთის ანექსიის მსხვერპლი, როდესაც ყირიმი და სხვა საზღვაო მისასვლელები რუსეთს აქვს ბლოკირებული.
ამიტომ საქართველომ ადეკვატური რეაგირება უნდა მოვახდინოთ ამ მოვლენებზე, ჩვენთვის ხელსაყრელი, ჩვენი სამშობლოსათვის საჭირო ნაბიჯებზე ვიფიქროთ;
გამოვიდეთ ინიციატივებით და მივმართოთ პარტნიორებს, ჩვენ რისთვის ვართ მზად.
ამასთანავე, აშშ -ს სამხედრო ბაზა, თავისთავად არავის საფრთხეს არ უქმნის.
ისევე როგორც, საქართველოს პორტებში, ბათუმში, ორ-სამ თვეში ერთხელ შემოსული ამერიკული სამხედრო ხომალდები, შემოდიან და გადიან ისე რომ არავის პრობლემას არ უქმნიან.
ოღონდ ყველას შევახსენებ, რომ სწორედ ამერიკული სამხედრო ხომალდების დამსახურება იყო ის, რომ 2008 წლის აგვისტოში არ მივიღეთ მთლიანად დაპყრობილი საქართველო. სწორედ იქ შემოსულმა სამხედრო გემებმა შეაჩერა ის აგრესია.
და როდესაც საუბრობენ იმ არაკომპეტენტურობაზე და ა.შ. მე მინდა მოვისმინო კომპეტენტური აზრები იმის თაობაზე, რატომაა ეს შეუძლებელი;
რატომაა ეს არასწორი პოლიტიკური განაცხადი;
რატომ არ უნდა გამოვხატოთ ჩვენ ამის მზაობა;
რატომ არ უნდა შევიდეთ დიალოგში ამერიკულ პარტნიორებთან, რომლებიც ისედაც ძალიან ბევრს გვეხმარებიან ამ მიმართულებით?
ამასთანავე, ასეთი საქმეები არ წყდება ერთ თვეში, ან ორ თვეში, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ დავინახოთ პროგრესი, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოებისთვის, უნდა გადავდგათ ასეთი ნაბიჯები.
აი ეს არის ჩემი პოზიცია.
რაც შეეხებათ ელჩებს და დიპლომატებს, ისინი დეტალებზე რა თქმა უნდა ვერ ისაუბრებენ, თუმცა თუნდაც ის ფაქტი რომ აშშ-ს ელჩმა, იან კელიმ, ეს ინიციატივა შეაფასა როგორც საინტერესო საკითხი, ნიშნავს იმას, რომ ეს არის სერიოზული საკითხი.
და იმედია ამერიკის ელჩსაც არ დადებენ ბრალს არაკომპეტენტურობაში.“