საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 და ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა 1357 ფაქტი

0
1046

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის:

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) – 59 ფაქტი;

ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი;

ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) – 4 ფაქტი;

ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი;

ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი;

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის:

ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) – 50 ფაქტი;

დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) – 31 ფაქტი;

ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს.