საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე 13-14 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ეწვევა სტრასბურგს, სადაც ევროპარლამენტში შეხვედრებს გამართავს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფომაციით, მინისტრი შეხვდება ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტსა და სხვადასხვა ფრაქციისა და საპარლამენტო კომიტეტის წარმომადგენლებს. მათ შორის გაიმართება მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელ მარია გაბრიელთან.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანს.
შეხვედრების მთავარი საკითხები იქნება საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და ევროპარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.