საქართველომ მალტასა და უკრაინასთან ხელშეკრულებები გააფორმა

0
902

საქართველოსა და მალტის რესპუბლიკას შორის საზღვაო სავაჭრო  ნაოსნობის შესახებ  მთავრობათაშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, ხოლო საქართველოსა და  უკრაინის ნავსადგურებს შორის სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმება.

ხელშეკრულებები ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მიმდინარეობის ფარგლებში გაფორმდა.

საქართველო-მალტას შორის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  და მალტას რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ჯო მიციმ, ხოლო საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას დიმიტრი ქუმსიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვოლოდიმერ ომელიანიმ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეთანხმებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მალტასთან გაფორმებული შეთანხმება გულისხმობს იმას, რომ ჩვენს რეგისტრში რეგისტრირებული გემები და ასევე, მალტას რეგისტრში რეგისტრირებული გემები დაუბრკოლებლად შევლენ ორივე ქვეყნის პორტებში, მათ ექნებათ თანაბარი მომსახურებები და ტარიფები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში რეესტრში გემების რეგისტრაციისა და ჩვენი რეესტრის განვითარებისთვის.

მეორე შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ უკრაინასთან ეს არის საბორნე სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ვალდებულებას ვიღებთ, მოვაწესრიგებთ სატარიფო პოკლიტიკას და სატარიფო პოლიტიკა გახდება გაცილებით უფრო გამჭვირვალე. შესაბამისად, ტვირთმფლობელებს ექნებათ გაცილებით უფრო გამარტივებული პროცედურები იმისთვის, რომ მათ გადაზიდონ ტვირთი საბორნე სარკინიგზო გადაზიდვებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინული ტვირთების გადაადგილება შეზღუდულია რუსეთის ტერიტორიაზე და ტრანზიტული ტვირთები, რომლებიც მიდის უკრაინაში, და რომლებსაც უნდა გაევლო რუსეთზე ასევე არის შეზღუდული. სწორედ ეს არის ის შესაძლებლობა, რომელმაც კორიდორში უნდა გაზარდოს ტვირთბვრუნვა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ხელშეკრულებების ხელოწერას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი ესწრებოდნენ.