წინასაარჩევნო გარემო არის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საპარლამენტო ფრაქციებთან შეხვედრებისას განიხილება.
პირველი შეხვედრა სტუმრებმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გამართეს.
გია ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემოზე და იმ პერსპექტივებზე ისაუბრეს თუ როგორი შეიძლება იყოს არჩევნები, მოსალოდნელი სირთულეები, როგორია ვითარება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, არის თუ არა საფრთხეები ძალისმიერი მოქმედებების, ასევე, მედიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მისივე თქმით, არსებული საარჩევნო გარემო მთლიანობაში შეფასდა ძალიან პოზიტიურად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს რეგიონში და არა მარტო რეგიონში, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე კარგ მაგალითს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, სახალხო პარტიელებმა, სოციალისტებმა, სხვა პარტიის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი, სახალხო პარტიის წარმომადგენელმა, ემანუელის ზინგერისმა წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში ძალიან პოზიტიურად შეაფასა. „ეს არ არის რაღაც პოლიტიკური თემა ჩემთვის პირადად და ჩემი კოლეგებისათვის. ეს არის მთელი საქართველოსთვის იმდენად დამახასიათებელი, რომ მომავალში ამ თემაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი. ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არის წყნარი. სამომავლოდ, თუკი რაიმე დაშვება მოხდა იმისა, რომ სიტუაცია აირევა ან დაპირისპირებები მოხდება, წარმოუდგენელიც კი არის იმ ფონზე, რომელიც ახლა არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თუ რა საფუძველი და მიზეზები არსებობს იმისა, რომ პოლიტიკოსებმა მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე ისაუბრონ. „რა ინფორმაცია და საფუძველი აქვთ ძალოვან სტრუქტურებს მე ვერ მოგახსენებთ, თუმცა, ვილაპარაკეთ იმ ინტერვიუებზე, იმ განცხადებებზე, ოფიციალურ დოკუმენტებზე, რომელიც არ იმალება, რომელიც სულ ახლახან იყო ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში და სადაც პირდაპირ ლაპარაკია მთავრობის დამხობაზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოების, მოსახლეობის დამოკიდებულება ვითარებასთან დაკავშირებით, ძალიან პოზიტიურად იქნა შეფასებული, რაც ძალიან გასახარებელია, იმიტომ, რომ თვითონ ამ ადამიანებს უხარიათ, რომ ჩვენ ასეთი თანამშრომლობა გვახასიათებს ევროპულ სტრუქტურებთან და აბსოლუტურად თანასწორ პირობებში განვიხილავთ ერთმანეთს.