გიგა ბოკერია: კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის თუ ლიდერის გაღიზიანება, მაგრამ ჩემს მყარ აზრზე ვრჩები

0
1118

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ის კვლავ თავის აზრზე რჩება, რომ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატების მეორე ტურებში ბრძოლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ბოკერიას თქმით, ძალადობის მიუხედავად, პროცესები ქუჩაში არ უნდა გადატანილიყო.

“მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის, თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის. სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლო ინტერვიუში პერსონალურად მას გულისხმობდა თუ არა, გიგა ბოკერიამ უპასუხოდ დატოვა.