საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო

0
894

ბრიუსელში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, ირაკლი კობახიძე ბრიუსელში პარლამენტის წევრებთან ერთად იმყოფება, სადაც 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება. დღეს შეხვედრები ევროპარლამენტის თავმჯდომარე ანტონიო ტაიანისთან და ბელგიის სენატის თავმჯდომარე კრისტინ დეფრენთან გაიმართება. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ სვობოდასთან.

საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ევროპარლამენტში შემავალ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან გამართავს, მათ შორის, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ სერგეი სტანიშევთან და კონსერვატორების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე საიედ კამალთან.

მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს კენჭს უყრიან. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილი, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირველი სამუშაო ვიზიტით სწორედ ბრიუსელს ეწვია, პარლამენტის მიერ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში გაცხადებული საგარეო პრიორიტეტების კიდევ ერთი დადასტურებაა.

„იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, პარლამენტმა, მივიღეთ რეზოლუცია და დეკლარირებულად განვაცხადეთ ჩვენი საგარეო პრიორიტეტები, ძალიან მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმასაც, რომ რეზოლუციაში დაფიქსირებულ პრიორიტეტებს, როგორიც არის ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია, ამ კონკრეტული ვიზიტითაც ხაზს ვუსვამთ. პირველი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არის ბრიუსელში. ბრიუსელში გაიმართება ფართო და ყოვლისმომცველი შეხვედრები, რომლებზეც განხილული იქნება ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და რაც მთავარია, ხვალ იქნება კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მხარდასაჭერად. შესაბამისად, ძალიან პოზიტიურ შედეგებს ველოდებით“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს.