საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა

0
995

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლს და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობებს. საუბარი ასევე შეეხება, ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი დაესწრება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრას ერგნეთში და ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას შავშვებში.

სებასტიან კურცის ვიზიტი ეუთო-ს თავმჯდომარეობის დასაწყისში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ორგანიზაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.