გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს

0
1021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ვაშინგტონში იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს თეთრ სახლში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდება. მხარეები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს განიხილავენ.

9 მაისს გიორგი კვირიკაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან. პრემიერ-მინისტრი ასევე ეწვევა აშშ-ის სენატს, სადაც სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდება. 10 მაისს დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ს კომერციის მდივანთან, უილბურ როსთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციების და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიწვევით იმყოფება.