შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოდგომის სემესტრში განხორციელებულ აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

0
771

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი შემოდგომის სემესტრში განხორციელებულ აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ სემესტრში უნივერსიტეტმა 70-მდე ღონისძიება გამართა – საჯარო ლექციები, უცხოეთიდან მოწვეული პროფესორების ვორქშოპები და ტრენინგები, ორი საერთაშორისო კონფერენცია, ახალი საერთაშორისო პერტნიორები, ელჩების ვიზიტები, დასაქმების ფორუმი, ზამთრის სკოლები, 30-ზე მეტი გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტი და რაც უნივერსიტეტის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია – ახალი ინგლისურენოვანი არქტიტექტურის პროგრამა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ახალ 2018-2019 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყებს უნივერსიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური არქიტექტორის მომზადებას.

”ამ ეტაპზე, პროგრამა უნიკალურია, ვინაიდან აკრედიტებულ პროგრამებს შორის ერთადერთი ინგლისურენოვანია. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია არქიტექტორის პროფესიისათვის აუცილებელი საფუძვლიანი თეორიული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი არქიტექტურის ბაკალავრის მომზადება და სტუდენტთა უზრუნველყოფა პრაქტიკული გამოცდილებით, არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ, კურსდამთავრებული შეიძენს ფუნდამენტურ ცოდნას არქიტექტურულ პროექტირებაში, ასევე, ექნება ცოდნა საერთაშორისო სამშენებლო ნორმების, შენობათა ტექნოლოგიების, არქიტექტურული ფიზიკის პრინციპების უახლესი კვლევითი მიღწევების, თანამედროვე კონსტრუქციების არქიტექტურული ელემენტების, არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის, მდგრადი არქიტექტურის პრინციპებისა და პროექტირების ავტომატიზირებული სისტემების საფუძვლების ცოდნის შესახებ”, – აცხადებს პროგრამის კოორდინატორი გიორგი წანაწყენიშვილი.

მისივე თქმით, უნივერსიტეტს გააჩნია სპეციალურად არქიტექტურის სპეციალობისათვის აღჭურვილი აუდიტორია – სტუდია და პროგრამისათვის საჭირო ყველანაირი ატრიბუტი.

საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები იძლევა პროგრამის განვითარების პერსპექტივას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ პრაქტიკულ, შემოქმედებით და ადმინისტრაციულ პროცესს, ჩაერთონ მასში და მიიღონ პროფესიული საქმიანობის ორგანიზების გამოცდილება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის ილიას ჩილოღლუს თქმით, ახალი პროგრამა ახალ სიცოცხლეს შესძენს IBSU-ს და ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტი წინსვლასა და მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებულ.

”აღნიშნულ პროგრამაზე მოთხოვნა იყო. ვინაიდან, დღეს საქართველოში არქიტექტურულ საპროექტო დოკუმენტაციას ინგლისურ ენაზე სულ უფროდაუფრო ხშირად არის საჭირო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სამშენებლო ბიზნესში ბაზრის დიდი წილი სწორედ უცხოურ კომპანიებსა და უცხოურ ინვესტიციებს უჭირავს. შესაბამისად, საჭიროა სპეციალისტები, რომელთაც არქიტექტურული განათლება ინგლისურ ენაზე ექნებათ”, – განაცხადა ჩილოღლიმ.

”აღსანიშნავია, რომ პროგრამის მომზადებაში ჩართულ ლექტორ-მასწავლებლებს შორისაა რამდენიმე ევროპული არქიტექტურული სკოლის პროფესორი რაც პროგრამის თანამედროვეობას და ინტერნაციონალიზმს განაპირობებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.