სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიე-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვილნიუსში ქართველი ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია – ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც მოხდება მოსამართლეების წარდგენა.
“რაც შეეხება მთავრობის ჩართულობას, ამაზე მე არაერთხელ გავაკეთე ძალიან პირდაპირი განცხადება. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. ასეთი რამე საქართველოში აღარ მოხდება. რა თქმა უნდა, სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, მაგრამ, ამასთან ერთად, საზოგადოებას და თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რითაც ხდება მოსამართლეების შერჩევა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია და საზოგადოებასთან ამის შესახებ ჩვენ ძალიან პირდაპირი დიალოგი გვაქვს”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.