Microsoft-ის კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

0
1192

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა. მინისტრმა მათ საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, Microsoft-ი და განათლების სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით წლებია თანამშრომლობენ.

“ქართველი პედაგოგები ინტენსიურად იღებენ მონაწილეობას კონკურსებსა თუ პროექტებში, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში. მასწავლებლებმა საქართველოს სკოლებიდან ამჯერად, მონაწილეობა ორ კონკურსში (Innovative Educator Expert და Mixathon Challenge) მიიღეს, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. Mixathon Challenge-ის გამარჯვებულებმა სპეციალურ პრიზები მიიღეს ხოლო, Innovative Educator Expert-ის გამარჯვებული ორი მასწავლებელი 2016 წლის 8-10 მარტს ბუდაპაშტში (უნგრეთი), Microsoft Educator Exchange
გლობალურ კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავს იყრის 300 საუკეთესო მასწავლებელი ექსპერტი.

ჩვენი პედაგოგები კონფერენციაზე წარადგენენ თავიანთ პროექტებს და მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ ტრენინგებში. ბუდაპეშტიდან დაბრუნებული პედაგოგები მოაწყობენ პრეზენტაციას თავიანთ სკოლაში, სადაც კოლეგებს გაუზიარებენ თავიან გამოცდილებას და კონფერენციის ფარგლებში მოპოვებულ რესურსებს”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, კონფერენციის სპეციალური ნაწილის გადმოცემა ონლაინ სტრიმინგის საშუალებით მოხდება, სადაც დარეგისტრირება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია: https://www.microsoft.com/en-us/education/e2/default.aspx

Microsoft Educator Exchange გლობალურ ფორუმს ბუდაპეშტში, 8-10 მარტს დაესწრებიან პედაგოგები:

1. ნადია დაბრუნდაშვილი, ხაშურის 1-ლი საჯარო სკოლა
2. ნინო აბულაძე, თბილისის 43-ე საჯარო სკოლა

მეორე კონკურსის (Microsoft Mixathon Challenge) საფუძველზე საქართველოდან გამოვლინდა სამი გამარჯვებული, რომელთა სკოლებსაც გადაეცათ პრიზები:

1. რუსუდან გონაშვილი, ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Microsoft Imagine Academy-ის სასწავლო პროგრამაზე ერთწლიანი ხელმოწერა (მთელი სკოლის წვდომა)
2. ნინო კოკილაშვილი, წნორის მე-3 საჯარო სკოლა. სკოლის პრიზი: Corinth ვირტუალურ სასწავლო რესურსების კლასის პაკეტზე ერთწლიანი ხელმოწერა (20 მომხმარებელი)
3. ლაურა ჯიმშელეიშვილი, შავნაბადის გიმნაზია. სკოლის პრიზი: ჩანთა და სუვენირები კლასის პაკეტი (20 ცალი)
სამინისტროს ცნობით, ყველა დანარჩენ მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.