უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არსებობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაწერა.
„დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი მმართველი რუსეთის მიმართ იმ რიტორიკას გამოიყენებს, რომლიც მას წინასაარჩვენო კამპანიის დროს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ილუზიები არ მაქვს. თუმცა, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი მაინც არსებობს“, – განაცხადა მედვედევმა.
დიმიტრი მედვედევმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ახალ პრეზიდენტს პოლიტიკისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა ექნება.
„უკრაინაში არჩევნები შედგა. შედეგმა აჩვენა, რომ უკრაინის პრობლემების გადაჭრის ახალი მიდგომების მოთხოვნა არსებობს. საჭიროა პრაგმატული და პასუხიმგებლიანი მიდგომა, რომელიც უკრაინაში არსებულ რეალობას ითვალისწინებს, მათ შორის ქვეყნის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას“, – დასძინა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა ხმების 97%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკი 73.14%-ით ლიდერობს. უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ამომრჩეველთა ხმების 24.53% აქვს.